ბანკები გადამხდელუნარიანობის ანალიზის გარეშე სესხებს ვერ გასცემენ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით  “კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში” ცვლილებები შევიდა. მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად, იზღუდება მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა. ასეთი სესხების საერთო თანხა კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

„აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტებისა და პასუხისმგებლიანი დაფინანსების წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ჯერ კიდევ 2014 წლიდან. პროცესი კომერციულ ბანკებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობდა. ამასთან, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ჩართულობით, გადადგმულ იქნა ისეთი თანმიმდევრული ნაბიჯები, როგორებიც იყო მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთების შეზღუდვა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ღონისძიებები  და დაბალი საკრედიტო სტანდარტების მქონე სესხებისათვის კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მოთხოვნების ზრდა. სესხის გაცემისას შემოსავლების შემოწმება გახდება სავალდებულო და ამასთანავე, განისაზღვრება სესხის მომსახურების კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტი, რათა მომხმარებელს შეეძლოს კრედიტის გასტუმრება ფინანსური სიძნელეების გარეშე. ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედებამდე, რაც ასევე გულისხმობს ევროკავშირში მოქმედ დირექტივასთან სრულად შესაბამისობაში მოსვლას, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა საზედამხედველო კაპიტალის 25%-ზე მეტად. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებს, უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში. ამასთან, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სებ-ის ცნობითმ, 2018 წელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების წლად გამოაცხადა.


 

მსგავსი თემები