მოძრაობის თეატრი ფრანკფურტის River Bank Festival -ზე წარდგება

  •  

მოძრაობის თეატრი ფრანკფურტის River Bank Festival-ზე საქართველოს სახელით წარდგება და სპექტაკლს “ჩუმად, რეპეტიციაა!”-ს ითამაშებს.

თეატრის დასი სპექტაკლის გარდა, კარნავალსაც წარადგენს და მილიონობით სტუმარს ქართულ კულტურას ღია ცისქვეშ მოწყობილ სპეციალურ საფესტივალო სივრცეში გააცნობს.

ფესტივალი, რომელსაც ყოველწლიურად 3 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს, 24-26 აგვისტოს გაიმართება.

2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყანაა. მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა კულტურული და ლიტერატურული ღონისძიება იმართება, River Bank Festival კი მისი ერთ-ერთი შემადგენელი, მნიშვნელოვანი ნაწილია.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მოძრაობის თეატრის რეჟისორმა, იოსებ ბაკურაძემ განუცხადა, „ჩუმად, რეპეტიციაა!“ ქართულ ნოველებზე აგებული სპექტაკლია და სპეციალურად შეირჩა ფრანკფურტისთვის, რადგან კულტურის სამინისტროს მოთხოვნა იყო, პროგრამა ქართული დრამატურგიით შერჩეულიყო.

„ერთ-ერთი ნოველა არის ფიროსმანზე, ასევე წარმოდგენილია ვაჟა-ფშაველას სტუმარ-მასპინძელი და გამოყენებულია ქართველი კომპოზიტორების კომპოზიციები, მათ შორის დავით ოძელაშვლის მუსიკა. განსაკუთრებულად ვემზადებით. ვფიქრობ საქართველოს სახელით, ხარისხიანად, საკმაოდ მაღალ დონეზე წარვადგენთ ჩვენს თეატრს“, – აცხადებს იოსებ ბაკურაძე.

მისივე ინფორმაცით, ფრანკფურტში მაყურებელი ქართული თეატრალური ხელოვნების გარდა, ქართული კულტურის სხვა მიმართულებებსაც გაეცნობა. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები. წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ხელოვნება, ასევე, მოეწყობა ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი თემები