“თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ კოვიდ-სასტუმროზე ” – ეკატერინე ტიკარაძე

“ჩვენ კიდევ ერთი ბერკეტი გამოვიყენეთ, რათა მოსახლეობას უფრო მეტი ნდობა ჰქონდეს კოვიდ-სასტუმროების მიმართ. თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ სასტუმროზე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საავადმყოფოებში 2992 პაციენტია და დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად.

„ამ ეტაპზე საავადმყოფოებში გვყავს 2992 პაციენტი, დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად. 4 392 საწოლი გვაქვს მობილიზებული და თბილისში შემდეგ დღეებში 4 კლინიკა ჩაერთვება, შიდა ქართლში – დღეიდან 3 კლინიკა, იმერეთში 3, მათ შორის ქუთაისში – 2. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვთვლით, რომ საწოლფონდის დეფიციტი არსებობს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ასევე ვიყენებთ კოვიდ-სასტუმროების სივრცეს. მინდა აღვნიშნო, რომ იქ მობილიზებულები არიან ექიმებისა და ექთნების ბრიგადები, რომლებიც მონიტორინგს გააგრძელებენ ისევე, როგორც ეს კლინიკებში ხდება, უბრალოდ იქ ხვდებიან პაციენტები, რომლებთანაც რისკი მინიმალურია. ჩვენ კიდევ ერთი ბერკეტი გამოვიყენეთ, რათა მოსახლეობას უფრო მეტი ნდობა ჰქონდეს კოვიდ-სასტუმროების მიმართ. თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ სასტუმროზე. დღეის მდგომარეობით, სასტუმროებში 1500 პაციენტი მკურნალობს. სახლში მკურნალობას 6544 ადამიანი გადის და აქაც გვაქვს სიახლე – დღემდე თბილისში არსებული 17 კლინიკას კიდევ 24 კლინიკა დავამატეთ და ყველა ეს დაწესებულება ჩართულია პაციენტების მართვაში. ამ მიმართულებით დაფარულია 780 000 თბილისელი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები