საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდპაციენტების მკურნალობის პროცესში დღეს კიდევ რამდენიმე კლინიკა ჩაერთვება.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპისთვის საავადმყოფოში არის 2 992 პაციენტი, რომელიც გადის მკურნალობას და დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად, 340 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში.
„დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს 4 3392 საწოლი მობილიზებული. რაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა ჩვენი მხრიდან არის, რომ თბილისის მასშტაბით ოთხი კლინიკა ჩაერთვება შემდეგ დღეებში, შიდა ქართლში უკვე დღეიდან ჩაერთვება სამი დამატებითი კლინიკა, იმერეთის რეგიონში ჩაერთვება სამი კლინიკა, კერძოდ ქუთაისში ორი დამატებითი კლინიკა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვთლით, რომ საწოლფონდის დეფიციტი არსებობს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ასევე ვიყენებთ სასტუმროების სივრცეს. გამომდინარე იქიდან, რომ არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება ამასთან დაკავშირებით და პაციენტებიც ხედავ გარკვეულ რისკს სასტუმრო სივრცეში გადასვლაზე, მინდა აღვნიშნო შემდეგი, რომ სასტუმრო სივრცეში მობილიზებულები არიან ექიმებისა და ექთნების ბრიგადები, რომლებიც მათთან მონიტორინგსა და მკურნალობას გააგრძელებენ ისევე, როგორც ეს ხდება კლინიკების სივრცეში. აქ განთავსდებიან ის პაციენტები, რომლებზეც ჩვენ ვიცით, რომ რისკი არის მინიმალური. დღეისათვის აქ მკურნალობს 1500 პაციენტი და სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაზარდოს საწოლფონდი. სახლში მკურნალობას გადის 6 544 ადამიანი აქაც მნიშვნელოვანი ცვლილება არის განხორციელებული, დღემდე არსებული 17 კლინიკისა, რომელიც თბილისის მასშტაბით მონაწილეობდა პაციენტების მონიტორინგში, ჩვენ დავამატეთ კიდევ 24 კლინიკა. დღეს თბილისის მასშტაბით ყველა ეს კლინიკა ჩართულია პაციენტების მართვაში“, – განაცხდა ტიკარაძემ.