“ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა და ექიმებისთვის ღირსეული პირობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია” – ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რუსთავში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის შესახებ ისაუბრა

მინისტრმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამული მიმართულებებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის სისტემის სამომავლო პოლიტიკასა და პაციენტის უფლებების დაცვაზე, რაც მინისტრის განცხადებით, მომსახურების მაღალ ხარისხსა და ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოქალაქეებმა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, მომსახურების ადეკვატური ღირებულებით და ფასების გამჭვირვალობით უნდა იგრძნონ. მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსახლეობის ჯანმრთელობის სტატუსი. მინისტრის განცხადებით, რესურსები მიმართული იქნება პრევენციისა და პირველადი ჯანდაცვის სისტემური რეფორმის განხორციელებაზე. უწყების პირველი პირის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრო 100-მდე ამბულატორიის აღჭურვას ახორციელებს.

„ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა და ექიმებისთვის ღირსეული პირობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი ხაზი პაციენტზე გადის, რისთვისაც ჩვენ პროფესიონალი ექიმები გვესაჭიროება. მომდევნო 4 წლის განმავლობაში , მოქალაქეებს მაღალი ჯანდაცვის სისტემას მივაწვდით. საყოველთაო ჯანდაცვას, კი უნივერსალურ და ხარისხიან ჯანდაცვად გარდავქმნით. რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, სახელმწიფო და სამინისტრო 100-მდე ამბულატორიის აღჭურვას ახორციელებს, რომელიც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისთვის სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს კომპლექსური ღონისძიებები – მაღალი დონის კლინიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და სამედიცინო განათლების მიმართულების გაძლიერება. პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრმა სოციალური კეთილდღეობასა და სოციალურ დაცვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას შესთავაზებს. მინისტრის თქმით, საკანონმდებლო მექანიზმების საფუძველზე ასაკობრივი პენსიის ოდენობის ზრდა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. რაც შეეხება სოციალურ დაცვას, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ოჯახის გაძლიერება, ბავშვების საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისების დანერგვა და სოციალური მუშაკის სერვისის განვითარებაა.

„რაც შეეხება სოციალურ დაცვას, ქვეყანაში არაერთი მოქალაქე გვყავს , რომლებსაც სოციალური მხარდაჭერა ესაჭიროება. ამ კომპონენტში ჩვენ მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას არ ვგულისხმობთ, ჩვენ მოქალაქეების საჭიროებებს ვითვალისწინებთ. აქედან გამომდინარე, გვაქვს კონკრეტული გეგმა“, -განაცხადა ტიკარაძემ.

პრეზენტაციაზე მინისტრმა შრომის პირობებისა და უფლებების დაცულობაზეც ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შრომითი უფლებების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილელებების განხორციელება იგეგმება, რის შედეგადაც ახლებურად მოწესრიგდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა შრომითი დისკრიმინაცია, შვებულება და შრომის ანაზღაურება.

„რაც შეეხება შრომით უსაფრთხოებას , მისი როლი პანდემიის პირობებში ყველაზე მკვეთრად გამოიხატა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანების მუშაობა დაცულ გარემოში და როგორ აისახება ეს მათ ჯანმრთელობაზე. ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი მიღწევები გვაქვს – სამშენებლო სექტორში მნიშვნელოვნადაა შემცირებული ლეტალობა და ფიზიკური დაზიანებები. დარწმუნებული ვარ , რომ ყველა ჩვენი მოქალაქისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველვყოფთ. ეს ყველა სახელმწიფოს ვალდებულებაა“-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა და შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკის გატარებაა. სწორედ ამიტომ, მინისტრის განცხადებით, მოსახლეობის, მათ შორის რთულად დასაქმებადი ჯგუფების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა უშუალოდ დასაქმებაზე ორიენტირებული უწყება – დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან გამტარს დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის. ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებზე.

„დასაქმების კომპონენტი უპირველესია როგორც ჩვენი მოქალაქეების ოჯახებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. ამ მიმართულებით ჩვენ ვცდილობთ დავნერგოთ სხვადასხვა პროგრამები. დღეს დასაქმება სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი აღარ არის. ჩვენი მიზანი მოქალაქეების ხანგრძლივი და სტაბილური დასაქმებაა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ პრეზენტაციაზე მინისტრმა იძულებით გადაადგილებულ პირებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დევნილთა საკითხები სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებას წარმოადგენს. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი კიდევ უფრო აქტიური ტემპით გაგრძელდება. მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე 1 547 დევნილი ოჯახის ახალაშენებული საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფაა დაგეგმილი.

„ვიცით რა პირობების დატოვება მოუწიათ დევნილებს და ეს ყველას ტკივილია. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება დევნილი მოქალაქეების წინაშე. იძულებით გადაადგილებულ პირებს წლის ბოლომდ 1547 ბინას კიდევ გადავცემთ. შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენი პროგრამა უპრეცედენტო იქნება და 13 000-ზე მეტ დევნილ მოქალაქეს განვასახლებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პრიორიტეტები საზოგადოებამდე ხარისხიანი სერვისების სახით იქნება მიწოდებული.

მსგავსი თემები