თხილს ჩალის ფასიც არ აქვს, სიმინდი კი ფაროსანამ გაანადგურა – სამეგრელოს რეალობა

3 კილოში მაქსიმუმ 15-მდე საღი თხილი – ასეთია თხილის მოსავალი სამეგრელოში. როგორც ადგილობრივები ამბობენ, თხილს ჩალის ფასიც არ აქვს, შესაბამისად, მისი მოგროვება მხოლოდ წყალში გადაყრილი, ფუჭი შრომაა.

„მთავარის“ კორესპონდენტი მოსახლეობას ჩხოროწყუსა და სენაკის რაიონებში შეხვდა, სადაც იდენტური სურათია. ფაროსანა შესეული თხილი მინდვრებში ძირს ყრია, სიმინდი კი მხოლოდ ფუჩეჩია, რადგანაც გული ფაროსანას ხელშია.

„რასაც ადამიანი საკვებად იყენებს, ყველაფერს ეს საშინელი მავნებელი შეესია და გაანადგურა. თხილს აგერ ხედავთ რა ჭირს, მოფენილია მინდვრები გაფუჭებული თხილით. 50 კაკალი რომ გატეხოთ, შეიძლება 5 საღი გული იპოვოთ. არადა, სამეგრელოში თხილით ვცხოვრობდით, ეს იყო ჩვენი მარჩენალი. მის შეგროვებასაც აზრი არ აქვს. ტყუილად უნდა ვიშრომოთ“ – განუცხადეს „მთავარს“ ჩხოროწყუში.

ფაროსანას განადგურებულ თხილს სოკოვანი დაავადებებიც დაემატა, რამაც მოსავალი მთლიანად დაალპო და გააფუჭა. ანალოგიური ვითარებაა სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელში.

რაც შეეხება სხვა მოსავალს, რომლითაც დასავლეთ საქართველოში თავს ირჩენდნენ, სიმინდია, თუმცა თხილის მაგავსად, ისიც გაფუჭებულია. სიმინდის გული ფაროსანამ შეჭამა, მოლსახლეობას კი მხოლოდ ფუჩეჩი დაუტოვა.

„განადგურებული ვართ. ამ მავნებელმა ყველაფერი შეჭამა, რაც კი საკვებად გამოიყენება. სიმინდი ცარიელი ღერო და ფუჩეჩია, ლობიოს კაკლები არ აქვს და შეჭმულია, პომიდორი გაფუჭებული, ბადრიჯანი დამპალი – რასაც კი ადამიანები საკვებად მოვიხმართ, ჩვენს ნაცვლად ფაროსანა ჭამს“, – გვითხრეს სენაკის რაიონი და ფაროსანასგან განადგურებული მოსავალიც დაგვათვალიერებინეს.

გაფუჭებული თხილი მინდვრებშია მოფენილი. „მთავარმა“ ექსპერიმენტიც კი ჩაატარა. მოგროვილი 3 კილო თხილიდან 17 საღი გული გამოდგა. რაც შეეხება სიმინდს, მოტეხილი 10 ტაროდან საღი არცერთი იყო.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, „აზიური ფაროსანას“ საწინააღმდეგო პირველი წამლობა შედეგიანი იყო, მეორე კი უშედეგო.

მსგავსი თემები