მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხება.
„გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით, შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ და მოქალაქეებს მიმართა.
„მოგიწოდებთ, მოვითხოვთ, გემუდარებით, წესები დავიცვათ მაქსიმალურად. ეკონომიკის აღდგენის მიზანი გვამოძრავებს მართვისა და ადაპტაციის პროცესში და ეს მიზანი მიიღწევა ორი გზით, ამაზე ეპიდემიოლოგებმაც ისაუბრეს – ან ქვეყანა სრულად უნდა ჩავკეტოთ, ან უნდა დავიცვათ წესები. საუბარია ელემენტარული წესების დაცვაზე, ამიტომ გთხოვთ, ეს წესები შევასრულოთ იმისთვის, რომ არ დავდგეთ სხვა რეალობის წინაშე,“- განაცხადა მეზვრიშვილმა.