“სტუდენტების მოთხოვნა სხვადასხვანაირია, ზოგი ხედავს რისკს სწავლის პროცესის გაგრძელებაში, ზოგი პირიქით” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის თქმით, უნივერსიტეტში სწავლა კონკრეტულ სასწავლებლებში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა გაგრძელდეს. გიორგი გახარია ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში არსებობს როგორც დისტანციური, ასევე – აუდიტორიებში სწავლის შესაძლებლობა. როგორც პრემიერი ამბობს, სახელმწიფო ახალგაზრდებს არჩევანის შესაძლებლობას აძლევს.

“ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში დადგენილი ნორმალური ცხოვრების წესი არ შეიცვალოს და ეს ეხება ყველას – დირექტორსაც, მასწავლებელსაც, მინისტრსაც და მინისტრის მოადგილესაც, ამიტომ, კოვიდის რისკებიდან გამომდინარე, რაღაც პროცესების შეჩერება, მაშინ, როდესაც სკოლაში ჩვეულებრივ რეჟიმში სწავლა გრძელდება, განსაკუთრებით რეგიონში, მე ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, თუმცა ეს დარგის საქმეა და დარგის სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ.

რაც შეეხება სტუდენტებს, მათი მოთხოვნა სხვადასხვანაირია, ზოგი ხედავს რისკს სწავლის პროცესის გაგრძელებაში, ზოგი პირიქით, ითხოვს სწავლის პროცესის გაგრძელებას, დაწყებას, პირველ კურსელებისთვის ამას ხომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენს ახალგაზრდებს ძალიან დიდ პატივს ვცემთ და მათ ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით, ამიტომ, მათ აქვთ ამ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ჩვენ ვთქვით, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უნდა ჩატარდეს აუდიტორიებში, ისიც – კონკრეტული წესების უმკაცრესი დაცვით. სხვა ყველაფერი შესაძლებელია უნივერსიტეტმა გადაწყვიტოს იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რისი გათვალისწინებითაც მას შეუძლია დისტანციური სწავლება, ან – აუდიტორიებში სწავლება,” – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მსგავსი თემები