ბათუმის მოხუცთა თავშესაფარ “სათნოების სავანეში” კორონავირუსით 12 ბენეფიციარი დაინფიცირდა. მათგან, მსუბუქი სიმპტომების გამო 9 მათგანი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს, სამი კი კოვიდმიმღებ კლინიკაში.
“სათნოების სავანეში” 120 ბინადარია, მათგან 70-მა უკვე დაამარცხა კოვიდინფექცია.
“ახლა არის 12 მობინადრე, რომელიც არის კლინიკაში და არის სასტუმროში, ხოლო 70 მობინადრე გამოჯანმრთელებულია, დაწესებულებაში დაბრუნებული არიან და ჩვეულებრივ განაგრძობენ ცხოვრების წესს. მძიმე არც ერთი არ არის, რაიმე კრიტიკულ მდგომარეობაში. სამწუხაროდ 7-ის გარდაცვალება გამოიწვია იმან, რომ ყველა მათგანს ჰქონდა ინსულტი გადატანილი,“ – აცხადებს მღვდელი იოანე (ბასრამიძე).
დღეს რეგიონში ორი პაციენტი გარდაიცვალა. ერთი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა, მეორე კი კლინიკა “მედინაში”. ორივე პაციენტს მძიმე ქრონიკული თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, გია კიკაბიძე ამბობს, რომ პაციენტს ბევრი თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
“სამწუხაროდ, გარდაიცვალა 69 წლის მამაკაცი სუნთქვის მწვავე უკმარისობით, ორმხრივი პნევმონიით, ფილტვის დაზიანების მაღალი ხარისხი ჰქონდა, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, გულის იშემიური დაავადება, ანამნეზში ჰქონდა იშემიური ინსულტი გადატანილი და შაქრიანი დიაბეტი,“ – ამბობს გია კიკაბიძე.