“ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფოთში, ხობსა და სენაკში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას, ხობში განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არ უნდა იყოს სხვაობა, სად ცხოვრობს ადამიანი, თბილისში, ხობში, ბათუმსა თუ ზუგდიდში, ყველგან უნდა იყოს თანაბარი პირობები.
„ხობი სამეგრელოს შესანიშნავი და ყველაზე ღირსეული ადამიანების კუთხეა. ხობი სამეგრელოს შუაგულია, აქ მთავრდებოდა დიდი აბრეშუმის გზა და აქედან იწყებოდა მოგზაურობა აღმოსავლეთიდან ევროპაში. ხობმა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 90-იანებში ბევრი მძიმე დღე გამოიარა და ამ მძიმე დღეების დასტურია საქართველოს პირველი პრეზიდენტის მუზეუმი, რომელიც აქ, ხიბულაშია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს მეხსიერება ჩვენში უნდა დარჩეს და ამ მეხსიერებით უნდა შევაბიჯოთ ჩვენ ევროპაში. ეს არის ჩვენი მიზანი. როდესაც ვსაუბრობთ გზებზე, სასმელ წყალზე, სკოლებზე, ბაღებზე, საავადმყოფოებზე, საბოლოო მიზანი არის ის, რომ საქართველოში არ უნდა იყოს სხვაობა, სად ცხოვრობს ადამიანი, თბილისში, ხობში, ბათუმში თუ ზუგდიდში, ყველგან უნდა იყოს თანაბარი პირობები. ხობში, მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი გაკეთდა და ეს სკვერიც ამის ერთ-ერთი მაგალითია, კიდევ ბევრი რამ გვაქვს დაწყებული – ხობის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება ბოლომდეა მისაყვანი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ხობში ასე თუ ისე სასმელი წყლით მომარაგების საკითხი მოწესრიგებულია, არ არის წყალარინების სისტემა და 2021 წელს ეს აუცილებლად უნდა დავიწყოთ. გასაგრძელებელია გაზიფიცირება. საქართველოს მთავრობას 2021 წელს უმთავრდება 3-წლიანი გაზიფიცირების გეგმა და ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ 3 წლით გავაგრძელოთ გაზიფიცირების გეგმა, რაც გაზმომარაგებით სრულად უზრუნველყოფს იმ დასახლებულ პუნქტებს და სოფლებს საქართველოში, სადაც ფიზიკურად შესაძლებელია გაზის მიყვანა. ასევე არის სასმელი წყლის პრობლემები სოფლებში. მაგისტრალური გზები ასე თუ ისე წესრიგშია მოყვანილი, შიდა სასოფლო გზებიც პრობლემაა, თუმცა წინა პლანზე გადმოდის სასმელი წყალი. საირიგაციო მიმართულებითაც ბევრი რამ კეთდება და სოფლის მეურნეობის განვითარება ხობში არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულება. აქ, როგორც “შეღავათიანი აგროკრედიტის”, ისე „აწარმოე საქართველოს“ სხვადასხვა პროგრამები კარგად მუშაობს, კარგად არის გამოყენებული, თუმცა შესაძლებლობები კიდევ ბევრია“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ჭალადიდი-ფოთის გზის გარე განათების ტენდერი გამოცხადდა და უახლოეს პერიოდში ეს პროექტიც განხორციელდება.
„ჩვენ აქ ვსაუბრობდით თქვენი ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან, ცოტა დროში გაგვეჭიმა, მაგრამ ჭალადიდი-ფოთის გზის, სამეგრელოსთვის ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური, საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით, გზის განათების ტენდერი გამოცხადდა, აუცილებლად დავიწყებთ და უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ, უამრავ სიცოცხლეს გადავარჩენთ ამით, ყველას გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამ რაიონებისთვის. ეს ყველაფერი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ კომფორტული, ღირსეული პირობები შევუქმნათ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ხობში და სამეგრელოში ყველგან. ეს ჩვენი მთავარი მიზანია და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ კუთხეში შეეძლოთ, ღირსეულად იშრომონ და ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, გამარჯვება 31 ოქტომბერს. ჩვენ ამ გამარჯვებას რა თქმა უნდა მივაღწევთ ყველა ერთად, მაგრამ ეს გამარჯვება უნდა იყოს სამართლიანი და ღირსეული. ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, არ მივცეთ არავის შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას. ამიტომ, ღირსეულ და სამართლიან გამარჯვებას გისურვებთ ხობელებო“,- განაცხადა პრემიერმა.