“ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებით ყველანაირი წინაპირობა შექმნა, რომ გურია მეტად განვითარდეს” – კახა კალაძე

“ჩვენი ლამაზი ქვეყნის თითოეული კუთხის შვილმა კარგად იცის, რომ იშვიათად შეხვდება ადამიანი თქვენსავით ლაღ, ნათელი, სუფთა ბუნების, ენამოსწრებულ და გულმხურვალე ხალხს”, – ასე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ მოქალაქეებს ოზურგეთში, სადაც მმართველმა გუნდმა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე წარადგინა.

კალაძის თქმითვე, გურიის რეგიონში განსაკუთრებით თავისუფლებისმოყვარე ხალხი ცხოვრობს და ბევრი გურული საამაყო წინაპარი ჰყავს საქართველოს.

„ამასთანავე, შეუძლებელია სიამაყით არ აივსო იმის გაცნობიერებისას, რომ აქ, ამ მხარეში, განსაკუთრებით თავისუფლებისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. მეტწილად სწორედ ამ კუთხის შვილები იყვნენ თქვენი და ჩვენი საამაყო წინაპრები, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, მივიღეთ დროშა, ჰიმნი და იმ დროისთვის მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და პროგრესული კონსტიტუცია. ამ მხარეში ყველაზე მკაფიოდ არის გამოხატული ადამიანის ინდივიდუალიზმი, რომელიც ქმნის გურულ, ყველასგან განსხვავებულ და საინტერესო პოლიფონიას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ რეგიონში 2012 წლის შემდეგ განხორციელებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველანაირი წინაპირობა შექმნა იმისთვის, გურია კიდევ უფრო განვითარდეს.

ასევე, როგორც კალაძემ აღნიშნა, წარმატებების მიუხედავად, რეგიონში კვლავ რჩება გამოწვევები, რასთან გასამკლავებლადაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.

„2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რეგიონში განხორციელდა უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობისა თუ ეკონომიკის ხელშემწყობი პროექტები. გურიაში ყოფნისას, რასაკვირველია, შეუძლებელია განსაკუთრებით არ აღვნიშნოთ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ამ მხარისადმი, რომელიც ნათლად გამოიხატება თუნდაც მხოლოდ იმ ფაქტით, რომ მან, საკუთარი ქველმოქმედებით და გააზრებული, მიზანმიმართული ნაბიჯებით, ყველანაირი წინაპირობა შექმნა იმისთვის, რომ გურია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო განვითარდეს. მიღებული ეკონომიკური სარგებელი კი თითოეულმა ადგილობრივმა საკუთარ თავსა და ოჯახზე იგრძნოს. ამ ყველაფერთან ერთად, ბუნებრივია, ჩვენ წინაშე კვლავაც რჩება გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ როგორც დღემდე, 2012 წლიდან მოყოლებული, ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის გვერდიგვერდ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ეს გამოწვევა იქნეს დროულად მოგვარებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები