“მძიმე ორი კვირა გველის წინ, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვირუსის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა, ახლა ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშეა და მოსახლეობა წესების დაცვით უნდა გაუფრთხილდეს, როგორც ერთმანეთის ჯანმრთელობას, ასევე თითოეულ სამუშაო ადგილს.
„დღეს გამოწვევები ძალზე დიდია. ყველა ვხედავთ, რამდენად უჩვეულოა, როცა პირბადეებით ვესაუბრებით ერთმანეთს, ეს პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ კრიზისსაც. სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, მსოფლიოში ანტირეკორდი დამყარდა ინფიცირების რაოდენობის, ჩვენათანაც, ყველა კარგად ვხედავთ და ვღელავთ, რომ ინფიცირების რაოდენობა გვეზრდება, განსაკუთრებით, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში. ეს დიდი გამოწვევაა, თუმცა ამ ბრძლაშიც უნდა გავიმარჯვოთ. იმის მიუხედავად, რომ პირველი ტალღის ეტაპზე წარმატებით გავუმკლავდით ამ გამოწვევას, ახლა ახალი გამოწვევებია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პაუხისმგებლობა არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და აქ უნდა გავუფრთხილდეთ როგორც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, ისე თითოეულ სამუშაო ადგილსა და ეკონომიკის ხვალინდელ დღეს. ამ ყველაფრის ერთად გასაკეთებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება 31 ოქტომბერს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწევთ, მაგრამ აქ ყველაზე მთავარია, რომ ეს მძიმე ორი კვირა, რომელიც ჩვენ ახლა წინ გველის, ძალიან ტოქსიკური ორი კვირაა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს. ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში და ღირსეულად, ღირსება არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა და სამართლიანობა. ამიტომ გურულებო, გამარჯვებას გისურვებთ 31 ოქტომბერს სამართლიან ბრძოლაში,“- განაცხადა გახარიამ.