“საუბარია რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე, ფაქტობრივად საუბარია დეფაქტო კანონმდებლობის გადახედვაზე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა. მისივე მოსაზრებით დგას საშიშროება, ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან მიერთების ღიად დაფიქსირებაზე, რასაც რუსეთი საკანონმდებლო დონეზე აკეთებს. ჯემალ გამახარია თვლის, რომ რუსული პროექტი მცოცავ ოკუპაციას წინ წასწევს, როგორც გამახარია ვარაუდობს აფხაზეთში რუსეთის შეთავაზებამ უკმაყოფილება გამოიწვია:
„საშიში არის ის, რომ დეფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობა მთლიანად მიებას რუსეთის კანონმდებლობას, ამით საშუალება მიეცემა რუსეთს მთლიანად დაეპატრონონ აფხაზეთის ეკონომიკას, რისი გასხვისებაც არის აკრძალული, ასევე უძრავი ქონების შესყიდვის ნებართვა და რუსების მიერ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება, აფაზეთში ამას უკვე დაარქვეს აფხაზეთის სახელმწიფოების ლიკვიდაციის პროგრამა და ამ სათაურით ქვეყნდება მასალები იმ ადამიანებისგან. ვინც უკმაყოფილებას გამოხატავენ, ეს მოთხოვნა ახალი არაა უბრალოდ ოფიციალურად არის გამოგზავნილი, საუბარია 46 ღონისძიებაზე, რაც უნდა ჩატარდეს, ეს ყველაფერი ჩამოწერილია.
დეფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა შექმნას სამუშაო ჯგუფი რუსეთიდან წამოსული წინადადებების განსახილველად და მათი რეალიზაციის შესახებ წინადადებების მოსამზადებლად და ამის შედგენა უნდა დამთავრდეს 2023 წლამდე, ამაზე უნდა ავტეხოთ განგაშის ზარი, აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი პროტესტს გამოთქვამს, მაგრამ იმდენად არიან დამოკიდებული რუსეთზე, რომ ვერც ხელფასებს მიიღებენ უარის შემთხვევაში და ვერც პენსიებს,“ – განაცხადა გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“
“მედიაცენტრ მთავრის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.