დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას რუსეთის ვალი არ აქვს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მას რუსეთის ვალი არ აქვს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს გააკეთა, რა დროსაც ტრამპი და საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი მეტოქე ჯო ბაიდენი ამომრჩევლების კითხვებს პასუხობდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ფინანსური დავალიანება რუსეთის ან სხვა პირების მიმართ. ეს კომენტარი ტრამპმა „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე საპასუხოდ გააკეთა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ტრამპის დავალიანება 400 მილიონ დოლარს აღწევს.

ტრამპმა თავის მხრივ განაცხადა, რომ საუბარია მისი ფინანსური აქტივების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილზე. მისივე თქმით, 400 მილიონი დოლარი დიდი თანხა არ არის. ტრამპის განცხადებით, მას ამ საქმის დეტალების გასაჯაროება სურს, თუმცა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს ამის გაკეთებას.

ტრამპის და ბაიდენის სატელევიზიო გამოსვლა მას შემდეგ შედგა, რაც 15 ოქტომბერს დაგეგმილი დებატების ფორმატი, კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო, შეიცვალა. ამომრჩეველთა კითხვებზე პასუხის დროს კანდიდატებმა მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამა კიდევ ერთხელ გააცნეს.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება. მანამდე კი დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი 22 ოქტომბერს ერთმანეთს მორიგ დებატებში დაუპირისპირდებიან.

მსგავსი თემები