დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღეს გამოვლენილი COVID-19-ის 919 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი, 488 სიმპტომებიანი პაციენტია.
“საქართველოში დღეს გამოვლენილი COVID-19-ის 919 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი – 488 სიმპტომებიანი პაციენტი გახლავთ. დღევანდელ ეტაპზე, მეორე ტალღის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ სწორედ სიმპტომიანი პაციენტები და მათთან ახლო კონტაქტში მყოფი, ანუ ოჯახური და სამსახურებრივი კონტაქტები. დღეს 488 სიმპტომებიანი და 236 მათთან კონტაქტირებული ინფიცირებული გვყავს.
მთელი სტრატეგია დამყარებულია იმაზე, რომ ადამიანების ეს ორი ჯგუფი სწრაფად იზოლირდნენ. მოსახლეობაში, განსაკუთრებით კონტაქტირებულებისადმი უნდა იყოს მეტი ინფორმაცია მიტანილი. გუშინ, ჯანმოს მთავარმა ეპიდემიოლოგმა თქვა, რომ სწორედ ყველაზე დიდი გავრცელება ოჯახური კონტაქტებიდან ხდება. ამიტომ, აუცილებელია, როდესაც ოჯახში ვინმე ინფიცირდება, მისი პირდაპირი კონტაქტები სწრაფად გადავიდნენ იზოლაციაში, რათა გადაცემის ჯაჭვი სწრაფად გაწყდეს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.