თბილისში, რუსთაველის გამზირზე ყვავილების თარგები მოწესრიგდა

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, თბილისის საკრებულოსთან და რუსთაველის გამზირის N1-თან მდებარე გაზონებზე ყვავილების თარგები მოაწესრიგეს.
თბილისის მერიისა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმის თანამშრომლებმა, “ეკო სერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად,  სხვადასხვა სახეობის მცენარეები დარგეს.  კერძოდ, 50 ძირი ფოტინია (Photinia fraseri ‘ Red Robin’s,); 73 ძირი ჭანჭყატი ჭრელფოთოლა (Euonymus japonica ‘Elegantissimus Aureus’); 55 ძირი აუკუბა (Aucuba japonica variegate) და 20 ძირი ფიტოსპორუმი (Pittosporum tobira ‘Nana’). გამწვანებულ ზოლში დაირგო 350 კვ.მ მწვანე საფარი (რულონური ბალახი). ასევე, აღნიშნულ ტერიტორიებზე მოწესრიგდა სარწყავი სისტემა.
როგორც “მთავარს” გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს,  საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში დეკორატიული ფორმირება ჩაუტარდა თბილისის საკრებულოსთან მდებარე გამწვანებულ ზოლში არსებულ ზეთისხილის ხეებს, შეკეთდა ორი შადრევანი. პუშკინის სკვერში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები კირით შეთეთრდა და სხვლა-ფორმირების სამუშაოები შესრულდა.
“საგაზაფხულო სამუშაოები რუსთაველის გამზირსა და თბილისის სხვა ქუჩებზე ინტენსიურად გაგრძელდება”, – აცხადებენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში.

მსგავსი თემები