“დამნაშავე იქნება თუ მართალი, მკურნალობა ყველას სჭირდება” – მეუფე ვახტანგ ახვლედიანი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე

EMC-ის წარმომადგენლების განმარტებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურები, ის სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. 

“ბოლო მიმართვა გვქონდა 31 აგვისტოს და ამის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ მივიღეთ სასჯელაღსრულებისგან წერილი, რომ დაგეგმილი იყო მისი ნერვოლოგიური კვლევა. გუშინ საღამოს თავად დეკანოზმა დამირეკა და მითხრა, რომ მასთან მისული იყო სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა რომ მას ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს ჩაუტარდებოდა მას ნერვოლოგიური გამოკვლევა. დღეს მთელი დღის განმავლობაში ვცდილობ დავუკავშირდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელს, თუმცა მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებ,” – აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი.

ე.წ. ციანიდის საქმეს და დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას სასულიერო პირები გამოეხმაურნენ. საქმე ეხება ოჯახის მოტხოვნას, რომ დეკანოზს გამოკვლევები ჩატარებოდა. 

“არასწორია იმის თქმა, რომ საპატრიარქო რამეშია დამნაშავე. ჩვენ ქვეყანას მტკიცე ჩამოყალიბებული კანონმდებლობა აქვს იმაზე, თუ ჯანმრთელობის როგორ შემთხვევაზე, როგორ რეაგირებს. ეს იმიტომ, რომ პირველ რიგში, მათ ინტერესებშია პატიმარს რამე არ დაემართოს. ანუ, თუ ძალიან ავად არ არის პატიმარი, მას არ ათავისუფლებენ,”- აღნიშნავს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი კი, აცხადებს, რომ დამნაშავეა თუ არა პატიმარი, ყველას მკურნალობა სჭირდება. 

“ალბათ ყველაფერი წესრიგში არ არის პენიტენციურ სისტემაში. ისე კი, ვინც არ უნდა იყოს, ავადმყოფს მკურნალობა უნდა. ეს დამნაშავე იქნება თუ მართალი. ვერ ვიტყვი რომ მართალია და ვერც იმას ვიტყვი რომ დამნაშავეა. ამის დამტკიცებას დიდი მუშაობა სჭირდება,” – აცხადებს ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგ ახვლედიანი.

მსგავსი თემები