სულხან მახათაძემ ადგილობრივებს საპარლამენტო მუშაობის ანგარიში წარუდგინა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა სულხან მახათაძემ, ამომრჩევლებს საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. დეპუტატმა ადგილობრივებთან იმ კანონპროექტებსა და საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რომელშიც თავად იყო ჩართული.   

მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა გარემოსდაცვითი მიმართულებებით მიღებულ კანონპროექტებს, რომლითაც ცვლილებები განხორციელდა წყლის, ტყის, ნარჩენების მართვის, გარემოსდაცვითი შეფასების, საგადასახადო და ადმინისტრაციულ კოდექსებში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კანონი ,,აკვაკულტურის შესახებ”, რომელიც ხელს შეუწყობს ზღვის პროდუქტების წარმოებასა და განვითარებას, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ათეულობით საკანონმდებლო ინიციატივასა თუ კანოპროექტში ჩემი აქტიური წვლილია და მეამაყება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მოახერხა ყველა ამ კანონპროექტის კანონად ქცევა.  ეს გახლავთ ყოველივე ის, რისი გაკეთებაც თქვენი და ჩემი გუნდის ძალისხმევითა და თანადგომით შევძელი. რასაკვირველია, ეს ყველაფერი თვითკმაყოფილების უფლებას არ მაძლევს, რადგან წინ უამრავი გამოწვევაა. ამიტომ ყოველთვის მიგულეთ თქვენს სამსახურში,“- განაცხადა მაჟორიტარმა შეხვედრის დასასრულს.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა ყველა იმ პროექტზე, რომელიც მუნიციპალიტეტში მისი უშუალო ჩართულობით განხორციელდა და  მადლობა გადაუხადა  ქალაქის ხელმძღვანელობას – მერიასა და საკრებულოს თანამშრომლობისათვის.

მსგავსი თემები