სასულიერო პირების ნაწილი ითხოვს, რომ ქართული ეკლესიის სალოცავების სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართოს წმინდა სინოდის სხდომაზე.
საეკლესიო კრების შეხვედრას სხვადასხვა ეპარქიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, თუმცა, სინოდის სხდომის აუცილებლობას ჯერ ვერ ხედავს თავად საპატრიარქო.
ცოტა ხნის წინ, დავით გარეჯის საქმეზე და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების შეუთანხმებელ მონაკვეთებთან დაკავშირებით ეკლესიის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა საპატრიარქოს პრესმდივანმა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელმაც თქვა, რომ ყველა ხელისუფლების პირობებში საპატრიარქო ითხოვდა და ითხოვს თემის გააქტიურებას.
“კომისია დაქვემდებარებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისი უწყების ქვეშ არის, ამიტომ, ჩვენი ბოლო კომენტარები გულისხმობდა იმას, რომ სახელმწიფოს მეტი ყურადღება მიექცია ამისათვის, მე არ ვიცი შიგნით რა პროცესი იყო, ვინ რას უშლიდა ხელს, მაგრამ ის რომ ჯანსაღად არ მიმდინარეობდა პროცესი, ამის შესახებ ჩვენ ვსაუბრობდით. როდესაც ამ საკითხში ჩავიხედეთ, ეს ხელისუფლება იყო და ამ ხელისუფლებას ვსაყვედურობდით და ვნახე წინა კომენტარები, სადაც წინა ხელისუფლების დროს საყვედურობდნენ. ხელოვნურია ამხელა დიდი პრობლემის ცენტრში 2 ადამიანის დაყენება, შესაძლოა ამ ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს გასარჩევი საკითხი,”- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.