“ჩვენ ქრისტეს ცხვრები ვართ და არა პოლიტიკური ცხვრები“ – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ყურმოკრული ნათქვამით, ადამიანი სამშობლოს ღალატში არ უნდა დაადანაშაულო.

„ზოგადად, საზოგადოება ცხვრები ვართ, მაგრამ ჩვენ ქრისტეს ცხვრები ვართ და არა პოლიტიკური ცხვრები. პოლიტიკურ ცილისწამებას, ბრალდებას, ხელის გაშვერას და მით უმეტეს, არჩევნების წინ მოღალატის სახელის დარქმევას, არავითარი წარმატება არ ექნება. ხალხი უკვე ნელ-ნელა შეეჩვია ამას, წესიერი ადამიანი გაარჩევს სიმართლეს და ტყუილს“ – განაცხადა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან.

მისივე შეფასებით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს კრიმინალური გამოძიება და ჟურნალისტური გამოძიება.

„ჩვენ ერთმანეთისაგან უნდა გავყოთ, როცა ლაპარაკია კრიმინალურ დანაშაულზე და როდესაც ადამიანი პატიმრობაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიმინალურ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. როცა კრიმინალურ დანაშაულზეა ლაპარაკი, ერთმანეთისგან უნდა გავყოთ კრიმინალური გამოძიება და ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება… ინფორმაცია, რომელსაც ფლობს საგამოძიებო სისტემა, ეს ვერ იქნება საჯარო და როცა თქვენ ადამიანს სახელმწიფო ღალატში დებთ ბრალს, თქვენ, თორემ გამოძიება რომ დადებს ბრალს, ამას ყველანი მოვისმენთ, მე მიმაჩნია ეს სრულებით გაუმართლებელ საქციელად. ამიტომ, ვერავითარ ნდობას ამ ჟურნალისტურ გამოძიებას ვერ გამოვუცხადებ, მე უბრალოდ არ მჯერა. პროკურატურას, რა თქმა უნდა, გამოვუცხადებ ნდობას, მაგრამ პროკურატურისგან ჯერჯერობით ინფორმაცია ვერ გვექნება, სანამ ძიება არ დამთავრდება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები