“მეორე ტალღა დაწყებულია, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი, მაგრამ მსუბუქია სიმძიმის თვალსაზრისით” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია იძაბება, ქვეყანაში COVID-19-ის მეორე ტალღა დაიწყო, თუმცა იმ უპირატესობით, რომ ინფიცირებულებში ვირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.  

“მთლიანადაც და ჩვენს ქვეყანაშიც, თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე, მეორე ტალღა დაწყებულია, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო მსუბუქი სიმძიმის თვალსაზრისით, ანუ უფრო მეტია მსუბუქად და ასიმპტომურად მიმდინარე შემთხვევები. დიაგნოსტირების დროს 36%-მდე უსიმპტომო პაციენტების რაოდენობაა, ანუ საკმაოდ დიდი წილია უსიმპტომოების და მსუბუქების, რომლებიც სწორედ უნდა იმართონ ბინაზე პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ და ვისაც ბინაზე იზოლირების საშუალება არ აქვს, კოვიდსასტუმროებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო სტაციონარში უნდა მოხვდნენ მძიმე და კრიტიკული პაციენტები, ვისაც აუცილებლად სჭირდება ინტენსიური თერაპია,” – აცხადებს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 748 000 PCR ტესტია გაკეთებული.

“ქვეყანაში სულ დაწყებიდან ჩატარებულია 748 000 PCR ტესტი, ბოლო დღეების დღიური მაჩვენებელი გვაქვს 8 000, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ გვაქვს 8 500 და გუშინ გვქონდა 7 532 ტესტი. მოგეხსენებათ, გარკვეული ცვლილებები შევიდა ტესტირების რეჟიმში, ახლა ჩემი კოლეგების დიდი ჯგუუფი ერთვება, ანუ სამედიცინო ყველა მუშაკის ორ კვირაში ერთხელ ტესტირება მოხდება, ხოლო ყველაზე უფრო კრიტიკული მუშაკებისა, როგორებიც არიან კოვიდკლინიკების რეანიმაციების ექიმები, ისინი კვირაში ერთხელ გაიტესტებიან. ხოლო კიდევ უფრო სტრატეგიული, როგორიც არიან სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების კოლეგები, გაიტესტებიან ყოველ 72 საათში, რამდენადაც ეს ადამიანები ფრონტის წინა ხაზზე არიან და მათთან მყოფი კონტაქტები გაიტესტებიან უფრო რეგულარულად, რომ თავიდან ავიცილოთ სამედიცინო პერსონალის დეფიციტი. ზოგადად, მთელი ამ ხნის განმავლობაში PCR ტესტის დადებითობის მაჩვენებელი 1,82%-ია და ბოლო ორი კვირის განმავლობაში 6% გვაქვს დადებითობის, რაც მაღალია და განსაკუთრებით მაღალი გვაქვს აჭარაში, ეს გახლავთ დაახლოებით 22% და შემდეგ უკვე გვაქვს მაღალი მაჩვენებელი იმერეთში – 7%, თბილისში ჯერჯერობით არაგვიშავს, 4%-ია დადებითობის მაჩვენებელი, თუმცა, საყურადღებოა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

მსგავსი თემები