თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, კერძოდ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მორიგი არქეოლოგიური მასალა – სამი ქვევრი და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
სამუშაოები დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისი“ ფარგლებში მიმდინარეობს.
როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის განვითარების ფონდში განუცხადეს, აღმოჩენილ ქვევრებს და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გამოიკვლევს, რომელიც აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების არქეოლოგიურ ზედამხედველობას ახორციელებს.
ამავე სამუშაოების ფარგლებში, ივნისის ბოლოს, ბ. ახოსპირელის ქუჩის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული ნაწარმი – დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილაც არის აღმოჩენილი. ისინი ზუსტად იმეორებენ გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა.