ევროკავშირის ქვეყნები მოგზაურობის ახალ წესებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები, პანდემიის პირობებში, მოგზაურობის ახალი წესებითა და ე.წ. „გაიდლაინით“ იხელმძღვანელებენ, – ამის შესახებ France 24 წერს.

ახალი სახელმძღვანელო პრინციპები მიზნად ისახავს კავშირის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობასა და კორონავირუსის პანდემიის შემდგომი ზიანის თავიდან აცილებას.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებით, ისინი არ შეუზღუდავენ მოქალაქეების მწვანე ზონებში გადაადგილებას, თუმცა ადგილობრივ მთავრობებს აქვთ უფლება, ქვეყნის ფარგლებში, დააწესონ განსხვავებული შეზღუდვები.

ახალი სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, რეგიონს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ 14-დღიანი მაჩვენებლების მიხედვით, 100 ათას მოსახლეზე, ინფიცირების მაჩვენებელი 25-ზე ნაკლები, ხოლო ტესტირებულ ადამიანთა ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება.

„კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ყოველდღიურობა მრავალი თვალსაზრისით დააზიანა. სამოგზაურო შეზღუდვებმა ჩვენს ზოგიერთ მოქალაქეს გაურთულა სამუშაოდ, სასწავლებლად ან ახლობლების მოსანახულებლად გადაადგილება. ჩვენი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ კოორდინაცია ნებისმიერი ზომისა და თავისუფალი გადაადგილების შესახებ. ამასთან – ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა სჭირდებათ მოგზაურობის დროს“ – აცხადებს გერმანიის სახელმწიფო მინისტრი, მიშელ როტი.

მსგავსი თემები