„საჭიროების შემთხვევაში, აჭარაში დამატებით ზომებს მივიღებთ“ – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე არსებული საწოლ-ფონდი, კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის სრულიად საკმარისია და დანაკლისი არ არსებობს.

როგორც მინისტრი აცხადებს, აჭარაში ვითარება შედარებით რთულია, თუმცა, მძიმე პაციენტებისთვის საჭირო სამედიცინო რესურსი მობილიზებულია.

„აჭარაში ვზრდით საწოლ ფონდს. დღევანდელი მდგომარეობით მოხდება 50 საწოლის დამატება, ასევე დაემატება 30-მდე რეანიმაციული საწოლი სხვა კლინიკების მხრიდან აჭარაში. ამ ეტაპისთვის, ეს სრულად ფარავს არსებულ საჭიროებას. კოვიდ ვირუსის წინააღმდეგ ჩვენ უკვე ჩავრთეთ ურეკის „ემერჯენს ცენტრი“ და ამ ბაზაზე გვაქვს  21 პაციენტის მიღების შესაძლებლობა. ასევე, შეგვიძლია, ურეკში 4 რთული პაციენტის მართვა“ – აცხადებს მინისტრი.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ამ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ე.წ. კოვიდკლინიკად გადაკეთდა 39 სამედიცინო დაწესებულება.

„დღევანდელი გეგმაა, ამ 39 საავადმყოფოში არსებული საწოლ-ფონდი სრულად ავითვისოთ და მხოლოდ მის ამოწურვის შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ჰოსპიტალების ჩართვა. არჩევანი დიდი გვაქვს“ – აღნიშნა მინისტრმა.   

მსგავსი თემები