კახეთის პოლიციამ კარდენახში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 ადამიანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ კარდენახში მოხდა.

დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაშავებულს ჭრილობა მუცლის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

დაჭრილი და თავდამსხმელი ტაქსის მძღოლები არიან. არსებული ინფორმაციით, მათ კონფლიქტი მგზავრის გამო მოუვიდათ.

კახეთის პოლიციამ კარდენახში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი – 1959 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს. აღნიშნული დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თანასოფლელს – 1968 წელს დაბადებულ ი.ი.-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სოფელ კარდენახში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები