ორბელიანის მოედანზე 150 ადგილიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა მიმდინარეობს 

თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, კერძოდ, გრიგოლ ორბელიანის, ყოფილი კოლმეურნეობის მოედანზე, 150 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი აშენდება. მოედნის მიმდებარედ მოეწყობა საფეხმავლო ზონა, რომელიც ფხოვისა და ათონელის ქუჩების ნაწილს მოიცავს.

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს, 18 მისამართზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს,  მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობასა და კეთილმოწყობის სამუშაოებს მოიცავს. კულტურული მემკვიდრეობის 13 ძეგლს რეკონსტრუქცია შესაბამისი წესების დაცვით განხორციელდება. დაგეგმილია ათამდე შენობის სრული რეაბილიტაცია.

სარეაბილიტაციო არეალი მშრალი ხიდიდან ათონელისა და ფხოვის ქუჩების გავლით, ალექსანდრე პუშკინის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს, მათ შორის, ხაზინისა და ფურცელაძის ქუჩებს, ასევე, გრიგოლ ორბელიანისა და 9 აპრილის სახელობის ბაღების ნაწილს. აღნიშნული მონაკვეთი მუშტაიდის ბაღიდან დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირის გავლით, თავისუფლების მოედნისკენ დიდი ტურისტული მარშრუტის გაგრძელებაა.​

​როგორცმედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, მოედნის რეკონსტრუქციაზე დაახლოებით, 65 მილიონი ლარი იხარჯება. ​პროექტის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობების დაზიანებული ნაწილების დაშლა-გადაწყობის სამუშაოები, დაზიანებული შენობების კონსტრუქციული გამაგრება, დაზიანებული ნალესის ჩამოყრა, ნაძერწი დეტალების აღდგენა-რესტავრაცია. შენობის ფასადებს მოუწესრიგებელი გაყვანილობები მოსცილდება და გადაიხურება მაღალი ხარისხის ფერადი თუნუქის მასალით.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც, მოწესრიგდება და განახლდება ე.წ. ყვავილების ბაზარი და სარეკრეაციო სივრცეები.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების (წყლის, წყალარინების, ბუნებრივი აირის და ა.შ.) სრული განახლება და იმ ქსელების მოწყობა (სადრენაჟე, სანიაღვრე) განხორციელდა, რომელიც აღნიშნულ ზონაში მანამდე არ ფუნქციონირებდა. სამუშაოების ღირებულებამ 10 მილიონი ლარი შეადგინა.

 

მსგავსი თემები