მოწმე ჩვენებას ვეღარ შეცვლის – შსს საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელსაც შს სამინისტრო ამზადებს, იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ ადამიანებმა ჩვენება აღარ შეცვალონ, ასეთ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენები დადგეს და მოძალადეები ციხიდან არ გავიდნენ.

მისივე შეფასებით,  შსს ოჯახში ძალადობის მიმართულებით მკაცრ პოლიტიკას უჭერს მხარს და ძირითადად  იძულების უკიდურეს ღონისძიებებს – დაკავებას იყენებს.

როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, საკმაოდ მკაცრია პროკურატურის მიდგომაც. ისინი ძირითადად აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვენ პატიმრობას.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანონმდებლობის გამკაცრებაზე, აქ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ამ საკითხს საკმაოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი დანაშაული. ოჯახში ძალადობა გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. ეს ჯერ კიდევ არის ისეთი კატეგორიის დანაშაულები, სადაც მსხვერპლები თავს იკავებენ პოლიციაში მოსვლისგან, დაზარალებულები, მსხვერპლები საკმაოდ ხშირად ცვლიან ჩვენებებს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ეს უნდა გავაკეთოთ გააზრებულად და არა ისე, რომ მოდით დღეს რაღაც პრობლემა გვაქვს, შემთხვევა მოხდა და ხვალ შევიტანოთ ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ა.შ. ჩვენ ამას მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და შინაარსობრივ მხარეს ვსწავლობთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი განმარტებით, პრაქტიკაში პრობლემაა ჩვენებების შეცვლა, რადგან კანონის მიხედვით, მსხვერპლს უფლება აქვთ ჩვენება არ მისცენ ოჯახის წევრის წინააღმდეგ და ამ უფლებას საკმაოდ აქტიურად იყენებენ.

„ზოგჯერ ისინი ბრალდებულის ოჯახის წევრების მიმართ ზემოქმედება ხორციელდება, სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში ადვოკატების მხრიდანაც. საბოლოო ჯამში, ჩვენების არმიცემის გამო, ასეთ საქმეებზე დგება გამამართლებელი განაჩენი და მოძალადე გარეთ აღმოჩნდება-ხოლმე. ეს პრობლემა შევისწავლეთ,  უკვე მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელსაც ამ მიმართულებით უახლოეს დღებში წარვუდგენთ საქართველოს მთავრობას და შემდეგ დაიწყება საპარლამენტო განხილვები. ეს იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისა, რომ ადამიანებმა ჩვენება აღარ შეცვალონ და ასეთ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენები დადგეს, რათა მოძალადეები ციხიდან გარეთ არ გავიდნენ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის მხოლოდ 3 თვეში ოჯახში ძალადობის 1156 შემთხვევა დაფიქსირდა.  აღნიშნული სფეროს ექსპერტების შეფასებით კი რეალურად, ძალადობის მაჩვენებელი  ოფიციალურ ციფრზე მინიმუმ 2-ჯერ მეტია.

მსგავსი თემები