„რუსეთი, რუსეთიო გაიძახით და რატომ, კაცის შვილი ვერ ხვდება“ – მამუკა მდინარაძე ე.წ. ხმაურიან რუკაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებული რუკა, რომელმაც ხმაური გამოიწვია, რუსეთთან კავშირში არ არის და ე.წ. რუსული რუკის გარდა, საქმეში სხვა, ათამდე რუკა არსებობს.

„ოპოზიცია დასდევს რუსულ კვალს, რომელიც არ არსებობს.  ამ საქმეში არის რუსული რუკა, გერმანული რუკა, ამერიკული რუკა, ქართული რუკა არქივში, 1:200 000 მასშტაბიანი რუკა, რომელიც ჩხრეკის დროს იყო ამოღებული, სხვა რუკები, რომელიც ასევე მეორე ბრალდებულის ჩხრეკის დროს ამოიღეს. დაახლოებით 6-7- სხვადასხვა რუკაზეა საუბარი, რომელიც ავთენტურია. მაინც და მაინც, რატომ აკეთებთ აქცენტს რუსულ რუკაზე? ოპოზიცია დასდევს რუსულ კვალს, რომელიც არ არსებობს ამაში. წარმოუდგენელ აბსურდზე საუბრობთ, როცა 6-7- რუკიდან აკეთებთ ერთ რუკაზე აქცენტს. რომელიც არის რუსული და მაშინ იყო სსრკ, დაპყრობილები ვიყავით,  სსრკ-ში ვცხოვრობდით და სამწუხაროდ, მაშინ ის რუკები იბეჭდებოდა რუსეთში და სსრკ-ში“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, დღეს საუბარია ქართულ, ეროვნულ ინტერესზე, მის სიწმინდეებზე და მის მიწაზე: „რუსეთი, რუსეთი გაიძახით და რატომ, კაცი შვილი ვერ ხვდება“ – აღნიშნა მან.    

მსგავსი თემები