„შეგვიძლია, ნაფიც მსაჯულებზე უარი ვთქვათ და საქმე სასამართლოს დაუბრუნდეს“ – მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მორაგბის – არჩილ გაგნიძის ადვოკატი არ გამორიცხავს, დაცვის მხარემ სტრატეგის შეცვალოს და ვერდიქტის გამოტანა  სასამართლოს მიანდოს.

როგორც  ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, დაცვის მხარის სტრატეგიაა ისეთი მსაჯულების შერჩევა, რომლებიც საზოგადოების გავლენისგან თავისუფლები იქნებიან.

„ნაფიც მსაჯულებს ვირჩევთ ჩვენ. შევარჩევთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან ობიექტურები და ანალიზს მოახდენენ, რომლებიც საზოგადოების გავლენისგან შეძლებისდაგვარად გათავისუფლებულები იქნებიან, გვაქვს ჩვენი სტრატეგია და ამ სტრატეგიის შეცვლაც შეიძლება სამომავლოდ. საფრთხეები არსებობს როგორც ნაფიც მსაჯულებათან, მიმართებაში, ისე სასამართლოში. მომავალში, გვექნება შესაძლებლობა, რომ უარი ვთქვათ ნაფიც მსაჯულებზე, ამის უფლებას კანონმდებლობა გვაძლევს“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“   

მისივე თქმით, მსაჯულების შერჩევას დაახლოებით 4 თვე დასჭირდება.

„როცა მსაჯულებს შევარჩევთ, სასამართლო ბრალდებულებს კიდევ ერთხელ ეკითხება აქვთ თუ არა სურვილი, მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. თუ ბრალდებული ამაზე უარს იტყვის, მაშინ ისევ სასამართლოს დავუბრუნდებით. ნაფიცი მსაჯულების შერჩევა რუტინული საქმეა და სავარაუდოდ 4 თვე გაგრძელდება. თუ გადავწყვეტთ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა არ განიხილონ ეს საქმე, საქმე გორში,  რაიონულ სასამართლოში დარჩება და მცხეთაში არ დაბრუნდება“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.   

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები