კორონავირუსის პირობებში, პენიტენციურ დაწესებულებებში არჩევნებზე კენჭისყრის ახალი წესები დადგინდა

საქართველოს ცენტრალურმა კომისიამ გამოაქვეყნა დადგენილება, რომელიც, პანდემიის პირობებში, 31 ოქტომბრის არჩევნებზე, პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის დადგენასა და სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს.

დადგენილების თანახმად, არჩევნების დღეს, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ საარჩევნო უბნებზე ყოფნისთვის, ცალკეულ ჯგუფებს მოუწევთ, დააკმაყოფილონ კარანტინთან ან PCR-ტესტირებასთან დაკავშირებული წესები.

უფრო ზუსტად კი, საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები/დამკვირვებლები/საარჩევნო სუბიექტების/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები ვალდებული არიან, 2020 წლის 18 ოქტომბრის დილის 10 საათიდან საარჩევნო უბნის გახსნამდე გაიარონ სავალდებულო კარანტინი შესაბამის საკარანტინე სივრცეში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული პირები საკარანტინე სივრციდან ტრანსპორტით პირდაპირ უნდა გამოცხადნენ პენიტენციურ დაწესებულებაში არჩევნების დღის დილის 7 საათზე.

საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები, ასევე, საარჩევნო სუბიექტებმა/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები და ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო/ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციების წარმოამდგენლები ვალდებულნი არიან, 29 ოქტომბერს ჩაიტარონ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაზე (COVID-19) PCR ტესტი. ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში დაიშვებიან მხოლოდ სავალდებულო კარანტინის გავლისა და PCR ტესტის ჩატარების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრების სავალდებულო კარანტინის გავლისა და PCR ტესტის ჩატარების ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პენიტენციური დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრად არჩევის/დანიშვნის შემდგომ, არასაპატიო მიზეზით წევრობაზე/წევრის ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან მასზე გაწეული ხარჯები ანაზღაურდება ამ პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული პირების სავალდებულო კარანტინის გავლისა და PCR ტესტის ჩატარების ხარჯები ანაზღაურდება თვით ამ პირთა მიერ.

დადგენილების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუგის წევრი, დამკვირვებელი/საარჩევნო სუბიექტის/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს დატოვებს კენჭისყრის შენობას (პენიტენციურ დაწესებულებას), იგი განმეორებით აღნიშნულ კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება. აღნიშნული პირები აგრეთვე არ დაიშვებიან ნებისმიერ სხვა კენჭისყრის შენობაში. ამ დადგენილებაში მითითებულ დაწესებულებებში არ შეიძლება დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს შეენაცვლონ მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებული წარმომადგენლები/დამკვირვებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ამ დადგენილებაში მითითებული პირები ვალდებული არიან პენიტენციურ დაწესებულებამდე ტრანსპორტირებისას და პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას დაიცვან ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და აღჭურვილი იყვნენ/ატარებდნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს.

ცესკოს ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავს:

ა) პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები;

ბ) პენიტენციური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას სამუშაო ადგილას;

გ) აკრედიტირებული/დანიშნული/ადგილობრივი დამკვირვებლები/საარჩევნო სუბიექტის/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები, თუ ისინი სპეციალური სიის შედგენის მომენტში იმყოფებიან საკარანტინე სივრცეში.

მსგავსი თემები