შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდში ბრალდებულ სამ პირთან შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს

„ამ ეტაპზე ჩვენ ისევ დუმილის უფლებას ვინარჩუნებთ. არ არის გამორიცხული, მოხდეს საპროცესო შეთანხმება ჩვენსა და ბრალდების მხარეს შორის” – ამის შესახებ საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ განაცხადა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული რვა პირის საქმის არსებითად გადაცემის შემდეგ, შესაძლოა, სამ მათგანთან საპროცესო შეთანხმების საკითხი დადგეს დღის წესრიგში.

საუბარია ჩხარტიშვილზე, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეზე, რომლებიც კონფლიქტის პირველ ეპიზოდში, აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

„ამ ეტაპზე ჩვენ ისევ დუმილის უფლებას ვინარჩუნებთ. არ არის გამორიცხული, მოხდეს საპროცესო შეთანხმება ჩვენსა და ბრალდების მხარეს შორის. უკვე გადაეცა საქმე არსებითად განსახილველად. საბა ჩხარტიშვილის მიმართ  ჯერ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყვეტილა და არც მქონდა ამის მოლოდინი. საპროცესო შეთანხმების მიმართვისათვის საჭიროა ჩვენი მიმართვა, ან შესაძლოა, ამის ინიციატორი თავად ბრალდების მხარეც იყოს. ჯერ ჩვენ არ მიგვიმართავს, რადგან ვაზუსტებთ დეტალებს და პირობებს ვარკვევთ. კიდევ ერთხელ გავივლით ამ საკითხს და კონსულტაციებსაც გავივლი საბა ჩხარტიშვილთან. გამოძიებისათვის ჩვენება მას 19 ივნისს აქვს მიცემული, გულწრფელად და დეტალურად ისაუბრა იმაზე, რაც იცოდა. გამოძიების შემდეგ, აპირებს სასამართლოშიც მისცეს ჩვენება. თუ რა შინაარსის ჩვენება იქნება, ამაზე შემდგომში მოგაწოდებთ ინფორმაციას“, – განაცხადა საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ.

მსგავსი თემები