“მჯერა, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და პრობლემას” – კახა კალაძე

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქალაქი საქართველოში ტოლერანტობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, რაც როგორც პირადად ჩემთვის, ისე ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებით დასაფასებელი და საპატივცემულოა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ონში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, დღევანდელი გამოსვლა დავიწყო მოლოცვით და სრულიად საქართველოს, ქართველ გულშემატკივარს მივულოცო საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. მოხარული ვარ, რომ დღეს, თქვენ წინაშე ამ ულამაზეს და გამორჩეულ მხარეში ვიმყოფები, სადაც მშრომელი, თავის სამშობლოზე, ქალაქზე, მხარეზე შეყვარებული ადამიანები ცხოვრობენ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქალაქი საქართველოში ტოლერანტობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, რაც როგორც პირადად ჩემთვის, ისე ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებით დასაფასებელი და საპატივცემულოა. ონის მუნიციპალიტეტი, როგორც მთლიანად თქვენი საოცარი მხარე, გამორჩეულია უნიკალური ბუნებითა და სამზარეულოთი, რაც ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარების კარგი წინაპირობაა. რასაკვირველია, ჩვენი ხელისუფლება კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივების მხარდაჭერას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და მომავალშიც მიექცევა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც როგორც უშუალოდ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების, ისე მთელი რეგიონის ინტერესშია.

„მოგეხსენებათ, ხელისუფლების ძალისხმევით ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე ერთი საათით მცირდება. ეს 55-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის სამუშაოები მიმდინარეობს, მომდევნო წელს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი დამეთანხმება, რომ 2012 წლიდან, მასშტაბური ინფრასტრუქტურული, გარემოსდაცვითი პროექტების და ტურიზმის განვითარების პარალელურად, დიდი ყურადღება ექცევა რეგიონში სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებას. სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით არაერთმა თქვენგანმა ისარგებლა ჩვენს ქვეყანაში და ამ მიმართულებით მუშაობა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც დავდივართ რეგიონებში და ვხედავთ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით წარმოდგენილი პროგრამებით სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ხორციელდება სხვადასხვა სახის პროექტები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიღწეული წარმატებების კვალდაკვალ არსებობს გამოწვევები, რომელიც საქართველოს მთავრობის წინაშე დგას და რომელთა დაძლევაც „ქართული ოცნების“ გუნდის პრიორიტეტია.

„ამ ყველაფერში თითოეული თქვენგანის ჩართულობა და როლი მნიშვნელოვანია. მჯერა, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და პრობლემას, რომელიც ონის მუნიციპალიტეტს, ზოგადად ამ რეგიონს აწუხებს და ქვეყანაშია. არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუ როგორ შეგვიძლია 2012 წლიდან, ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ მნიშვნელოვან გამარჯვებას. 31 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები. ეს გეხებათ როგორც თქვენ, აქ მცხოვრებ ადამიანებს, ისე სრულიად საქართველოს. მჯერა, 31 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს იქნება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები