საპრეზიდენტო კანდიდატზე უმრავლესობაში შეუთანხმებლობაა

საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით „მმართველ გუნდში“ ისევ შეუთანხმებლობაა. გუნდის უმრავლესობა ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი უნდა დაასახელოს და დამოუკიდებელი კანდიდატის შეცდომებზე პასუხისმგებელი არ უნდა იყოს. პარლამენტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ მმართველ გუნდს არსად ეჩქარება და საკუთარ პოზიციას მაშინ დააფიქსირებს, როცა საჭიროდ ჩათვლის.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის შემთხვევაში, მის ქმედებებსა თუ შეცდომებზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება. ის დღემდე საკუთარ პოზიციაზე რჩება და ამბობს, რომ მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ჰყავდეს.
„ქართული ოცნების“ მხრიდან დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა იმას ნიშნავს, რომ მის ქმედებაზე მმართველ გუნდს მოუწევს პასუხის გაცემა. ამის რეალური მაგალითები უკვე არსებობს. ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი, თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს ჩვენი გუნდი და ერთ-ერთი დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე მმართველ გუნდს აკითხავენ პასუხის გასაცემად. მე ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება „ქართული ოცნება“ საარჩევნო პროცესში საკუთარი კანდიდატით ჩაერთოს“, – ასეთია დიმიტრი ხუნდაძის პოზიცია.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს არსად ეჩქარება.

„იყვნენ უმრავლესობაში ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ  ჯობდა ჩვენი მხრიდან ყოფილიყო კანდიდატი დაყენებული, თუმცა საბოლოოდ, ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არ წარდგება თავისი კანდიდატით ამ არჩევნებში“,- განაცხადა კობახიძემ.

უმრავლესობის ის წევრები, რომლებიც საკუთარი კანდიდატურის დასახელებას უჭერენ მხარს, არ გამორიცხავენ, რომ გუნდმა გადაწყვეტილება შეცვალოს.

მსგავსი თემები