“საქართველოს აზერბაიჯანთან პრეტენზია არ გააჩნია, კომისიამ მუშაობა განაახლოს“ – მინისტრი

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული  და საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესები პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიდეს და კომისიამ მუშაობა უნდა გააგრძელოს.

როგორც მინისტრი განმარტავს, ოპონენტების მხრიდან, ხდება აღნიშნული საკითხის პოლიტიზაცია და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბმა აზერბაიჯანისა და სომხეთს შორის მიმდინარე ესკალაციასთან:

„გარწმუნებთ, რომ არანაირი ჩრდილი არ მიადგება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრულ ურთიერთობას ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან. გარწმუნებთ, რომ არანაირი ჩრდილი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას არ მიადგება. ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს აზერბაიჯანელი კოლეგების გამოხმაურებები, მათ შორის პრეზიდენტის მრჩევლის. ეს არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი და ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ ეცდებიან საკითხის პოლიტიზირებას. კომისიას ერთი დღეც არ დაუკარგავს, რომ მოეპოვებინა ჩვენი პოზიციის გასამყარებელი დოკუმენტაცია მტკიცებულებები, რომელიც სამწუხაროდ არ იყო გამოყენებული წინა კომისიის შემადგენლობების მხრიდან. ვფიქრობ, საჭიროა რომ კომისიამ მუშაობა განაახლოს ამ ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით და ახლადაღმოჩენილ საექსპერტო დასკვნებზე დაფუძნებით,  რომელიც მნიშვნელოვნად ამყარებს საქართველოს პოზიციებს“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ქართულ მხარეს აზერბაიჯანთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, რაც მკაფიოდ იყო გამოხატული იმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისას გაიმართა.​

მსგავსი თემები