“ემოციურად რთულად აღსაქმელი იყო და ყველა ვწუხვართ” – საგარეო მინისტრი გმობს დიპლომატის ქმედებას

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დანიაში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძეს განცხადებასთან დაკავშირებით პირველ შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ დიპლომატს მისთვის უნდა დაერეკა და განცხადება მხოლოდ ამის შემდეგ გაეკეთებინა.

როგორც მინისტრი აცხადებს, დანიაში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის პოზიცია მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.  საუბარია, დიპლომატის მხრიდან სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც გიგიაძე დაკავებულ კოლეგა ივერი მელაშვილს თანადგომასა და მხარდაჭერაც უცხადებს და ამბობს, რომ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია.

„ჩვენ ერთად ვიხილეთ გენერალური პროკურატურის განცხადება, რომელშიც საუბარია სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოკვეთილ მძიმე დანაშაულის ნიშნებზე. დაკავებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი. ეს რა თქმა უნდა, ნამდვილად ჩემთვისაც პირადად და სამინისტროს სრული შემადგენლობისთვის ემოციურად რთულად აღსაქმელი იყო და ყველა ვწუხვართ,  რომ სამინისტროს თანამშრომელია ამ გამოძიების პროცესში… რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის მხრიდან გაკეთებულ გამოხმაურებას, მეც გამიკვირდა, რადგანაც იცით თქვენ, რომ ჩვეულებრივი კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, როცა ის აკეთებს რაიმე განცხადებას, მით უმეტეს, ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საქმე?! ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ეს განცხადება. ასეთი ზარი არ შემოსულა… არ მქონია მასთან კომუნიკაცია სამწუხაროდ, მაგრამ გვექნება და მიეწოდება ყველა ინფორმაცია, რაც გამოძიების პროცესში საზოგადოებისთვის ცნობილია. ვინ თუ არა პირველ რიგში მე ვწუხვარ ამ ფაქტზე“, – განაცხადა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ გიგი გიგიაძე იყო საგარეო მინისტრის ყოფილი მოადგილე და ასევე, მუშაობდა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა ქვეყანაში.  

მსგავსი თემები