დაკავებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელის და საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა, როგორც “მედიანცენტრ მთავართან” განაცხადა, ივერი მელაშვილი გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს.
ადვოკატის თქმით, ეს ხელისუფლების მიერ წამოწეული თემაა, რომ არჩევნებთან მიმართებაში ახალი საკითხები შექმნას, რითაც არჩევნებს მოიგებს.
„ბატონი ივერი მელაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, გამორიცხავს გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას, რადგან მისთვის ეს ყველაფერი ძალიან დიდი შეურაცხყოფაა და ეს ყველაფერი პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება. ეს ხელისუფლების მიერ წამოწეული თემაა, რომ არჩევნებთან მიმართებაში ახალი საკითხები შექმნას, რითაც არჩევნებს მოიგებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ყველაფრის მსხვერპლია, ვინაიდან მას არცერთ შემთხვევაში არ აკავშირებს დანაშაულებრივი ქმედება. ის პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას და ერთადერთი ზიანი, რამაც შეიძლება სახელმწიფოს ინტერესებს მიაყენოს, არის საქმე, რომელიც პროკურატურამ წამოიწყო, ბატონი ივერის სიტყვებს გავიმეორებ. დეტალებზე მან თქვენს ეთერშიც ისაუბრა და ყველაფერი განმარტა” – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ივერი მელაშვილს რუკის დამალვასა და სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი ქვეყნისთვის მიკუთვნების მცდელობას ედავება. დაკავებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.