სომხეთის საელჩო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველო ხელს უშლის საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას

სომხეთის საელჩო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას. ამის შესახებ საელჩო განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საწვავის ან ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს“, – აცხადებენ საელჩოში.

მათივე ინფორმაციით, სომხეთის საელჩო მუდმივ კონტაქტშია საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან.

„საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, საკითხის სწრაფი გადაჭრის მიზნით, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საქართველოში სომხეთის საელჩოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სომხეთის საელჩო საქართველოში ყველას მოუწოდებს, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან ეს პირდაპირ აზიანებს სომხეთის სახელმწიფო ინტერესებს.

მანამდე, სომხეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბორჯომიდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება.

მსგავსი თემები