„ბიძინა ივანიშვილი არა ერთ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს“- ლევან დავითაშვილი

„ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისის მერიისთვის გადაცემა განსაკუთრებული ფაქტია. აქ განხორციელდება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობ ის მიინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელება.

„მოეწყობა ცენტრალური პარკი. როგორც ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ისე სტუმრებისთვის, შეიქმნება ეკოლოგიურად სუფთა გარემო. წლების განმავლობაში, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არა ერთ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს ჯანსაღი გარემოსთვის და ეკოლოგიისთვის, მათ შორისაა შავ ზღვისპირეთში განხორციელებული ახალი ცენტრები, რომლებმაც ქვეყნის ტურისტული მიზიდულობა სრულად შეცვალა.

ასევე პროექტი, რომელიც თბილისის ქედის გამწვანებას, ველობილიკების მოწყობას, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. ამ ჩამონათვალში, მაინც განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის ცენტრალური პარკი ქალაქის ცენტრში. ეკოლოგიური თვალსაზრისით, შუა ქალაქში არსებული მწვანე სივრცე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ყოველივე ეს თანხვედრაშია მთავრობის პოლიტიკასთან. ჩვენ დავამტკიცეთ თბილისის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა, რომელმაც მრავალი მიმართულებით განსაზღვრა ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. დედაქალაქის მერიას აქვს თანმიმდევრულ პოლიტიკა, რომელსაც ყოველწლიურად ახორციელებს ქალაქის გამწვანების და სატრანსპორტო პოლიტიკის კუთხით. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული ამ ჩამონათვალში მაინც იქნება ეს დიდი კონტრიბუცია, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან, მისი ოჯახისგან მიიღო ქალაქმა.

ეს არის 50 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება, რომელიც ქალაქმა დაიბრუნა. ჩვენ გვახსოვს, ეს ქონება გასხვისებული იყო სახელმწიფოს მიერ, ფაქტობრივად განწირული მორიგი მშენებლობებისთვის, რომელიც ეკოლოგიურ წნეხს კიდევ უფრო დაამძიმებდა ქალაქში. ამის სანაცვლოდ, ჩვენ მივიღეთ, ერთი მხრივ, მრავალმილიონიანი ქონება ქალაქისთვის და, მეორე, დაპირება, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აუცილებლად შეასრულებს, ეს იქნება მრავალმილიონიანი ინვესტიცია იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქის ცენტრში მაღალი დონის პარკი მოეწყოს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები