“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ იმ მსხვერპლის გამო, რაც მოჰყვა ამ კონფლიქტს ჩვენ ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს შორის” – სალომე ზურაბიშვილი

აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, რომ თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება, ნებისმიერი მოლაპარაკების გამართვა.

„მინდა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა და ამავდროულად, ქართული საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ მსხვერპლის გამო, რაც მოყვა ამ კონფლიქტს ჩვენ ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს შორის.

მინდა მივმართო ამ ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტებსა და ხელისუფლებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მათ შორის დიალოგი. დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მინდა მოვუწოდო მათ. ეს ჩვენი, სამივე ქვეყნის მთავარი, საერთო ინტერესია, რომ ჩვენ დავუბრუნოთ რეგიონს, სტაბილურობა, მშვიდობა და მისი ეკონომიური უზარმაზარი როლი მსოფლიოსთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი მონაპოვარი და არის ის, რასაც ჩვენ ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ.

მინდა ასევე მივმართო მინსკის ჯგუფსა და მის თანათავმჯდომარეებს, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ამ კონფლიქტის მიმართ. მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ მზად ვართ, თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება, ნებისმიერი მოლაპარაკების გამართვა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც სასურველი იქნება მხარეებისთვის. ასევე მინდა მივმართო ევროკავშირს, ჩვენ რეგიონის სამივე ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორები ვართ, თუ ეს რამეს ნიშნავს, თუ სამეზობლო რამეს ნიშნავს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. ჩვენი სტაბილურობა და რეგიონში მშვიდობა უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე ევროკავშირისთვის. მან თავისი ძალები უნდა გამოიყენოს მშვიდობისთვის და ვითარების დეესკალაციისთვის. ეს არის ჩვენი, სამივე ქვეყნის საერთო მიზანი და ჩვენი, სამივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის უფრო ძვირფასი არაფერია, ვიდრე მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები