“სასურველია, დიდ ქალაქებში მცხოვრები ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები დარჩნენ სახლში” – ამირან გამყრელიძე

სასურველია, დიდ ქალაქებში მცხოვრები ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები დარჩნენ სახლში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მან აჭარის მოსახლეობას მოუწოდა, რომ პირბადე დახურული სივრცეების გარდა, გარეთაც გამოიყენონ.

გამყრელიძის განმარტებით, რესპირაციული ვირუსების სეზონი მოდის და შესაძლოა, ამ ვირუსების „კოვიდ-19“-ზე თანდართვა მოხდეს. აქედან გამომდინარე, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დიდ ქალაქებში მობილობა იყოს დაბალი.

„მოგეხსენებათ, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში მანდატორულია, მაგრამ რადგან აჭარაში გვაქვს სერიოზული გავრცელება, სასურველია ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე. ინციდენტობის მაჩევენებლი აჭარაში გვაქვს დაახლოებით შვიდ-რვაჯერ მეტი, ვიდრე ქვეყნის საშუალო მაჩევენებელია, ამიტომ სასურველია, აჭარაში პირბადე ვიხმაროთ გარეთაც.

მეორე სლოგანი, რაც გაზაფხულზე გვქონდა – დარჩი სახლში – ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით აჭარის რეგიონისთვის და დიდი ქალაქებისთვის, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს კორპუსებში. სასურველია, ხანდაზმულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა რაც შეიძლება ნაკლებად იმოძრაონ ამ პერიოდში, რადგან რესპირაციული ვირუსების სეზონი მოდის და შეიძლება, თანდართვა იყოს კორონა რესპირაციულ ვირუსზე. ამიტომ სასურველია, რომ ეს ადამიანები იყვნენ სახლებში

გახსოვთ, გაზაფხულზე იყო სანქციები, თუ ეს ადამიანები გარეთ გამოდიდონენ, ამ შემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაციას ვიძლევი, რომ დიდ ქალაქებში ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადაებების მქონე ადამიანები უპირატესად სახლში დარჩნენ. თუ მარკეტში გამოვა, რაღაც უნდა იყიდოს და ა.შ. მას არავინ დასჯის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სასურველია სახლში იყვნენ.

ამასთან, რეკომენდირებულია, ძირითადად დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა იქ, სადაც ამის საშუალება არის, რათა მაქსიმალურად დავარდეს მობილობა დიდ ქალაქებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები