კორონავირუსით გარდაცვლილი ხუთი პაციენტიდან ორი ბათუმში მკურნალობდა, სამი ქუთაისში, მათ შორის ერთი ოკუპირებული ოჩამჩირიდან იყო გადმოყვანილი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტებიდან ორი ბათუმში, სამი ქუთაისში, მათ შორის ერთი ოკუპირებული ოჩამჩირიდან იყო გადმოყვანილი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს ხუთი გარდაცვლილი, ორი ბათუმში, სამი ქუთაისში. ერთ-ერთი არის საქართველოს მოქალაქე ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, ოჩამჩირიდან. ყველა გარდაცვლილს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. მნიშვნელოვანია, რომ ასაკობრივი გრადაცია არის 51-დან 90-წლამდე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 7 093 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 295 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 714-ს შეადგენს.

მსგავსი თემები