ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღუსრულებლობის გამო რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა და ბოლო ვადა მისცა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღუსრულებლობის გამო რუსეთი კვლავ მკაცრად გააკრიტიკა და კომპენსაციის გადახდის ფორმის დასასახელებლად ბოლო ვადა მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

“ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა და ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის ფედერაცია კვლავ მკაცრად გააკრიტიკეს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და რუსეთი დღემდე არ ასრულებს ამ ვალდებულებას, რის გამოც მინისტრთა კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, ამასთან, რუსეთს მოუწევს ყოველ გადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა.

გადაწყვეტილების მიხედვით, თუ რუსეთი 2020 წლის 12 ნოემბრამდე არ დათანხმდება პირდაპირ საქართველოსთვის ან ევროპის საბჭოს შუამავლობით თანხის გადახდაზე, მაშინ 2020 წლის დეკემბრის სხდომაზე მიღებულ იქნება შუალედური რეზოლუცია, რაც ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ პროცედურების დასაწყებად პირველი პროცედურული ნაბიჯია.

ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომიტეტმა გადაწყვეტილებები 2019 წლის 23-25 სექტემბერს, 3-5 დეკემბერსა და 2020 წლის 3-5 მარტსა და 1-3 სექტემბერს მიიღო, რითაც გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ, სულ მცირე, 1500 პირზე.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მიმართავენ ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები