“ჩვენი სია ერთადერთია, რომელიც ფუნდამენტურად განახლდა, ამის პირისპირ კი ვიხილეთ აბსოლუტურად დეგრადირებული სია” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ბლოკ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” მიერ წარდგენილ პარტიული სიას დეგრადირებული უწოდა.

მისი შეფასებით, “ქართული ოცნება” ერთადერთია, რომლის სიაც ფუნდამენტურად განახლდა, “ნაციონალურ მოძრაობას” კი ამის რესურსი არ აღმოაჩნდა. 

“ჩვენი სია არის, რეალურად, განახლებული და თუ დააკვირდებით, ის ერთადერთი განახლებული სიაა, რომელიც ფუნდამენტურად განახლდა. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ახალი სახე, ბევრი ახალი, ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საპარლამენტო საქმიანობაში. ამის პირისპირ ყველამ ვიხილეთ აბსოლუტურად დეგრადირებული სია ისეთი ადამიანების, რომელიც მობეზრებული ჰყავს სრულიად ქართულ საზოგადოებას, აღარ ჩამოვთვლი მათ სახელებს და გვარებს. ეს არის აბსოლუტურად გაუმართავი და განუახლებელი სია და ჩანს, რომ არავითარი განახლების რესურსი ნაცმოძრაობას არ აქვს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ბლოკმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 177 კაციანი პარტიული სია წარადგინა. ბლოკი 5 საარჩევნო სუბიექტს აერთიანებს.

მსგავსი თემები