„ჩვენი მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის უამრავი უდანაშაულოდ მოკლული ახალგაზრდის და დემონსტრაციულად დახვრეტილი ადამიანების სახეებს” – ბიძინა ივანიშვილი

“მართლაც საოცარი ცინიზმია, როდესაც, მრავალი სიმხეცის ჩადენით გადაგვარებული, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ ცბიერი პოლიტიკური გუნდი, აბსოლუტურად უცვლელი შემადგენლობით, მოურიდებლად ცდილობს კვლავაც მოატყუოს ხალხი და დაიბრუნოს შეუზღუდავი ძალაუფლება, რათა ახლა უკვე გაორმაგებული ძალისხმევით, პერსონალურად იძიოს შური ყველა იმ პატრიოტ ადამიანზე, ვინც 2012 წლის ოქტომბერში, თავისი წვლილი შეიტანა მათი ძალადობრივი მმართველობის დასრულებაში”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„გასული კვირების განმავლობაში, ჩვენ მოვისმინეთ ცრუ სინანულისა და თეატრალური თვალთმაქცობის სამარცხვინო მაგალითები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ, სინამდვილეში, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე და ფიქრობენ, რომ მარტივად და იოლად მოახერხებენ ხალხის ემოციებით და გრძნობებით მანიპულირებას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ფუნდამენტურად წარმოუდგენელია ჩვენი ხალხის, მისი კულტირის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის თანაარსებობა.

„ჩვენი მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის უამრავი უდანაშაულოდ მოკლული ახალგაზრდის და დემონსტრაციულად დახვრეტილი ადამიანების სახეებს.

ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება წლები, როდესაც ადამიანების ღირსების ფეხქვეშ გათელვა, მათი აბუჩად აგდება, დაშინება, უსაფუძვლოდ ციხეებში გამოკეტვა, ულმობელი წამება და დასახიჩრება, ბიზნესის დაწიოკება და საკუთრების წართმევა, ცხოვრების ჩვეულებრივი, ნორმად ქცეული მოვლენა იყო.

ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, ქართული ტრადიციული ცხოვრების წესის გაუკუღმართების, ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის წაშლისა და საქართველოს ისტორიის თავიდან გადაწერის ავადმყოფური წყურვილი, ოჯახის ფენომენზე გააფთრებული იერიშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საყრდენის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროებისა და დაქსაქსვის გამუდმებული მცდელობები.

ჩვენ ყველას გვახსოვს, ბედის ანაბარად მიტოვებული ქართული სოფელი.

დავიწყებას ვერ მიეცემა დრო, როდესაც სახელმწიფოს არ გააჩნდა არანაირი თანაგრძნობა და სოციალური სოლიდარობა საკუთარი ხალხისადმი, დრო, როდესაც მოქალაქეების უმეტესი ნაწილი იძულებული იყო, უკანასკნელი საოჯახო ნივთებიც კი გაეყიდა მკურნალობისთვის, როდესაც მეტ-ნაკლებად მძიმე სამედიცინო დიაგნოზი, პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენს უდრიდა.

ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ხელისუფლების ბოროტი ნების უსიტყვოდ შემსრულებელი, ნოტარიუსად ქცეული, და დაჩოქებული სასამართლო, ნამდვილი სამართლებრივი წყვდიადი, გაუქმებული მართლმსაჯულება, და გაუქმებული ადვოკატის პროფესია, ტერორში მყოფი პოლიტიკური ოპოზიცია, უხეშად გაყალბებული არჩევნები, დემოკრატიული კონტროლისა და სახელისუფლებო ბალანსის არმქონე, დამახინჯებული კონსტიტუცია, ერთი კაცის ვნებებისა და სურვილების შესაბამისად განაწილებული საბიუჯეტო სახსრები; მიტაცებული, უსიცოცხლო და გარინდებული მედია, პირადი ცხოვრების გამჟღავნების უწყვეტი მუქარები და შანტაჟი, უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეურაცხყოფილი მწერლები, მსახიობები, მეცნიერები, სპორტსმენები, და ჩვენი საზოგადოების სხვა სასიქადულო და თვალსაჩინო წარმომადგენლები.

გვახსოვს ის ხელისუფლება, რომელმაც მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ახლომხედველობის გამოისობით, თავიდან ვერ აიცილა სამხედრო ავანტიურა, და გაუაზრებელი მოქმედებებით, ქვეყანას ტერიტორიის ოცი პროცენტი დააკარგვინა, რამაც გაართულა ჩვენი ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.

მეხსიერებიდან ვერასდროს ამოიშლება, ბრძოლის ველიდან ლაჩრულად გაქცეული მთავარსარდალი და უპატრონოდ მიტოვებული ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები, საკუთარი სახლ-კარიდან გამოყრილი მოსახლეობა.

მსურს, ასევე შეგახსენოთ, იმდროინდელი სამართალდამცავი სისტემის უკიდურესი თვითნებობა, სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში მათი არაპროპორციული და მავნებლური გავლენა, რამაც ბევრი ქართული ოჯახის პირადი ტრაგედია განაპირობა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები