“საქართველო ყველაზე მეტად ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუახლოვდა იმ დიდ ოჯახს, რომელსაც ევროპა ჰქვია” – კახა კალაძე

“ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილდებიან – საქართველო ყველაზე მეტად ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუახლოვდა იმ დიდ ოჯახს, რომელსაც ევროპა ჰქვია და მთავარი მიზანია, რომ ძალიან სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 8-წლიანი საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

„ბევრი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი არის, შეგვიძლია ჩვენ ყველა დარგი, ყველა მიმართულება ავიღოთ და ვნახავთ, რამდენი რამე არის გაკეთებული, დავიწყოთ განათლებით, ჯანდაცით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებით, სასამართლო რეფორმით, თუმცა ის ჯერ დასრულებული არაა. აუცილებელი არის მეოთხე ტალღა და ის რეკომენდაციები, რაზეც მიდის საუბრები, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილდებიან – საქართველო ყველაზე მეტად ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუახლოვდა იმ დიდ ოჯახს, რომელსაც ევროპა ჰქვია და მთავარი მიზანია, რომ ძალიან სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, არის გამოწვევებიც და თვითკმაყოფილებას არავინ მიეცემა.

„არის ქვეყანაში პრობლემები, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის გამოსასწორებელი, მითუმეტეს პანდემიის პირობებში, რომელმაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ეკონომიკას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში მთლიანად მსოფლიოში, ძალიან ბევრი იქნება სამუშაო მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ცხადია, შეცდომები იყო – იდეალური და შეცდომების გარეშე მგონი მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. რაც შეეხება 20 ივნისს, ვფიქრობ ოპოზიციის მხრიდან ეს იყო შეცდომა, ხელისუფლების მხრიდან – არა. გადატრიალება, რევოლუციები, შევარდნა ქვეყნის პარლამენტში – ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა, ცუდია და ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები