“ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ კონსტრუქციული და ის პოზიტიური საარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს დააზიანოს” – არჩილ თალაკვაძე

“ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ კონსტრუქციული და ის პოზიტიური საარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს დააზიანოს და ჩრდილი მიაყენოს ამ დემოკრატიულ მიღწევას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ღირებულება ყოველთვის იყო დემოკრატიის გაძლიერება, თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და კონსტრუქციული თანამშრომლობა.

„ეს არის ჩვენი, ჩვენი მოქალაქეების და მეგობრების საერთო ნება და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქვს ძალიან პრინციპული პოზიცია, ამიტომ კიდევ ერთხელ მსურს გითხრათ, რომ სამართალდამცავებს აქვთ სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა და სრული პოლიტიკური მხარდაჭერა იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი ინციდენტების პრევენცია და თითოეულ მათგანზე მოხდეს რეაგირება. „ქართული ოცნების“ ინტერესებში არასდროს ყოფილა და „ქართული ოცნების“ ხელწერა არასდროს ყოფილა ძალადობა. ჩვენი ღირებულება ყოველთვის იყო დემოკრატიის გაძლიერება, თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და კონსტრუქციული თანამშრომლობა. სამწუხაროდ, ზუსტად ამის საპირისპიროდ მოქმედებდა ძველი ოპოზიცია და ჩვენი ის ოპონენტები, რომლებიც სავარაუდოდ, იკვეთება, რომ ჩართული არიან ამ ინციდენტებში. პოლიტიკური შეფასებაც მინდა გავაკეთო. რა ინტერესი შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ძალადობის ინციდენტებში, როდესაც მას აქვს 56 %-ზე მაღალი მხარდაჭერა, მას ჰყავს გამოცდილი გუნდი, ჰყავს ახალი თანაგუნდელები წარდგენილი, აქვს ძლიერი პროგრამა და ჰყავს ძლიერი მაჟორიტარობის კანდიდატები. ჩვენ ყველა პირობა გვაქვს შექმნილი იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანიამ თავისუფალ და პოზიტიურ გარემოში ჩატარდეს. ვინც ამ ღირებულებების წინააღმდეგ წავა, რა თქმა უნდა, ის პასუხს აგებს პირველ რიგში კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ასევე, ის პოლიტიკურ ფასს გადაიხდის არჩევნების დროს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები