„მარნეულში ჩვენი საარჩევნო შტაბის სპეციალისტს აედევნენ, უმოწყალოდ სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს და მიატოვეს“ – ირაკლი სესიაშვილი

სამწუხაროდ, ჩვენები პროვოკაციას წამოეგნენ და მოხდა ასეთი დაპირისპირება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროვოკაციების გენერატორი არის ოპოზიცია – “ნაციონალური მოძრაობა” და მათთან დაკავშირებული ძალები,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშოშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მედიაზე თავდასხმა რაც არ უნდა კრიტიკული იყოს ის, მიუღებელია. ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” გუნდი არაერთ მოწოდებას აკეთებს, რომ პროვოკაციაზე თავი შეიკავონ, თუმცა, “ყველაფერს აქვს საზღვარი”.

მან მარნეულში დღეს მომხდარ ძალადობის ფაქტზეც ისაუბრა.

“დღეს მართლაც ძალიან მძიმე ფაქტი დაფიქსირდა, მარნეულში, ჩვენი საარჩევნო შტაბის სპეციალისტს აედევნენ, გამოეკიდნენ, მოახდინეს დაჯახება, სასტიკად სცემეს, საუბარია 3-4 ადამიანზე, ვინც ყოველგვარი მიზეზის გარეშე სასტიკად სცემა და მიატოვა ეს ადამიანი, რადგან თვითმხილველები გამოჩნდნენ. ის ახლა მოთავსებულია საავაყოფოში და უტარდება სამედიცინო დახმარება, პოლიცია ინტენსიურად მუშაობს, მე გახლდით შემთხვევის ადგილზე და გავეცანი ვითარებას. რა თქმა უნდა, გამოძიებას უნდა დაველოდოთ, თუმცა, ჩემი პირადი აზრია, რომ ამის უკან არ გამიკვირდება იყოს პოლიტიკური მიზნები და ჩვენი ოპონენტების ხელი ერიოს აქ, რამდენადაც რასაც ვაკვირდებით წინა დღეებში პროვოკაციების კასკადი მიმართულია იქით, რომ რეგიონში სიტუაცია დაიძაბოს, შეილახოს ქვეყნის იმიჯი. ეს უნდათ ჩვენს ოპონენტებს. ამის ფაქტები არსებობს. სამწუხაროდ, გუშინ ჩვენმა მხარდამჭერებმა თავი ვერ შეიკავეს და პროვოკაციას წამოეგნენ, ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ და ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ, მაგრამ აქვს ყველაფერს თავის საზღვარი. სამწუხაროა, რომ ეს მოხდა, გამოძიება მიმდინარეობს და ყველას პასუხი მოეთხოვება, განსაკუთრებით ვსაუბრობ დღევანდელ ინციდენტზე, რომელიც შემზარავი იყო იმ თვალსაზრისით, რომ უმოწყალოდ სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს ადამიანი და მიატოვეს. ყველა ფაქტი არის შემზარავი და აბსოლუტურად მიუღებელი. ძალადობა არ შედის სახელმწიფოს და დღევანდელი ხელისუფლების ინტერესში. ჩვენს ოპონენტებს არ აწყობთ მშვიდობიანი გარემო, რადგან არ აქვთ შანსი ასეთ გარემოში რაიმე შედეგებს მიაღწიონ, ამიტომ ცდილობენ დაძაბონ ხალხი. ყველა ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული და უმკაცრესი რეაგირება მოხდეს,”- განაცხადა სესიაშვილმა.

მსგავსი თემები