„ჯანდაცვის სექტორს დააგვიანდა ბინაზე მკურნალობის რეჟიმზე გადასვლა“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“

“ბინაზე გადასვლის პროცესს შევხვდით მოუმზადებლები, ახლა ერთ ოჯახის ექიმს შეიძლება მოუწიოს ძალიან ბევრ პაციენტთან კომუნიკაცია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

მედიკოსს მიაჩნია, რომ ჯანდაცვის სექტორი ბინაზე მკურნალობისთვის გაცილებით ადრე უნდა მომზადებულიყო. მისივე განმარტებით მსგავს რეჟიმზე გადასვლა აჭარაში დაუგეგმავად მოხდა:

„ჯანდაცვის სექტორს რაც შეეხება ცოტა დაგვიანდა ბინაზე გადასვლის რეჟიმი და ამას შევხვდით მოუმზადებლად, ეს მარტივი პროცესი არაა, ვიდრე ცოტა იყო პაციენტი იქამდე უნდა დაეწყოთ, აქ ადამიანებიც უნდა შევამზადოთ, ბევრს ახლა უკვე აქვს ის შეგრძნება, რომ თუ კორონავირუსი აღმოაჩნდება და დატოვებ სახლში ჰგონია, რომ მიტოვებულია, ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის რეჟიმზე.

ჯანდაცვის სიტემა დადგა იმ მოცემულობის წინაშე , რომ ერთ ოჯახის ექიმს შესაძლოა ახლა ძალიან ბევრი პაციენტი ჰყავდეს, ამიტომ ამ მოდელზე აუცილებლად უნდა გადავიდეთ. აჭარაში მოხდა ეს და იძულების წესით, სასწრაფოდ გადავიდნენ სახლში მკურნალობის რეჟიმზე და იძულებით რაიმეზე გადასვლა არასოდეს არაა ეფექტური, ეს უნდა მომხდარიყო გაცილებით ადრე.

მთავარი მომენტია სწორად შეფასდეს დისტანციურად რომელი ადამიანის მკურნალობაა სახლში საჭირო და რომლის სტაციონარში, ვისაც სტაციონარში გადაყვანა დასჭირდება მსოფლიო გამოცდილებით თუ ვიხელმძღვანელებთ ეს იქნება 20 პროცენტი, ისიც სტრესი იყო ადამიანებისთვის, როცა უსიმპტომოდ ჰქონდათ ვირუსი და იწვნენ საავადმყოფოში,“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები