პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ

  •  

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილები დაამტკიცა.

სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

„ბევრი ახალგაზრდა სწორედ აღნიშნული შესაძლებლობის არარსებობის გამო წყვეტდა სწავლას ან საწყის ეტაპზევე უარს ამბობდა პროფესიული განათლების მიღებაზე“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, აღნიშნული სიახლე დადებითად აისახება პროფესიული განათლების სისტემაზე, ვინაიდან ის გახდება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი.

„სურვილის მიუხედავად, ბევრი ვაჟი ვერ ახერხებდა განათლების მიღებას იმ მიზეზით, რომ პროფესიულ სასწავლებელში სწავლის პერიოდში იღებდა გაწვევას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად სწავლის შეწყეტა უხდებოდა. პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება არ ეხებათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს იმავე პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში“, – განაცხადა ქიტიაშვილმა.

მსგავსი თემები