ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსი მგზავრებით თელავიდან ყვარლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როცა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოგირს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ყვარლისა და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ჩემს კლინიკაში 8 პაციენტი შემოიყვანეს. ორს ჩავუტარეთ ქირურგიული ოპერაცია. ხვალ კი კიდევ ორი დაშავებული მგზავრის ოპერაციაა ჩანიშნული. მათ ძირითადად მოტეხილობები აღენიშნებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

მიკროავტობუსის მგზავრები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობენ. დაშავებულები თვითდასაქმებულები არიან და ისინი კახეთის რეგიონში კერძო პირებს, ყურძნის კრეფაში ეხმარებიან.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები